კალაძე: ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის დაწევას არ გეგმავს

საპარლამენტო არჩევნებზე პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის გადახედვას, ხოლო ოპოზიცია თუ ვერ შეძლებს 5%-იანი ზღვარის გადალახვას, მაშინ მათ არც უნდა ჰქონდეთ პრეტენზია პოლიტიკოსობაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და რიგი სხვა პარტიების აზრით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამის გადახედვას. მათ ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ აქვთ მხარდაჭერა და ძლიერი პოლიტიკოსები არიან. არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე?", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ევროკომისიის დათქმა იმის თაობაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, აუცილებლად შესრულდება.
მისი თქმით, 2012 წლიდან, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ტარდება.
პაპუაშვილი: არჩევნებმა საქართველოში სწორი პოლიტიკური პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს>>>
საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის ევროკომისიის მიერ გაჟღერებულ ცხრა ნაბიჯს შორისაა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება.
„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდება და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
გამოკითხის თანახმად, 5%-იანი გამსვლელი პარიაერის გადალახვისა და პარლამენტში შესვლის შანსები აქვთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".