თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, რომლებიც ხვარაზმელებმა 1227 წელს თბილისში ამოჟლიტეს, ესაა რწმენისა და თავდადების დღე, ნათქვამია საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსოვნის დღეს აღნიშნავს.
„13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა - თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად. ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება შინაგანი სიმტკიცისა და რწმენაში ერთიანობის ასეთი საოცარი მოვლენა“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ღარიბაშვილის თქმით, სწორედ საქართველოს დიდი ისტორიის ასეთი მაგალითები აყალიბებს ქართული იდენტურობას, სულიერ ფასეულობებს, ამტკიცებს რწმენას და სამშობლოს სიყვარულს.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს.
სამარადისო დიდება ჩვენს გმირებს!“ – ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.
სამარადისო დიდება ჩვენს გმირებს!“ – ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.
მე-13 საუკუნეში, 1227 წელს ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. მტერი თბილისში შემოვიდა.
მტერს ქართველების მუსლიმურ რწმენაზე მოქცევა უნდოდა. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს ხატები გამოაბრძანეს და ხიდზე დააწყვეს. მოსახლეობას კი მათზე ფეხით გავლა უბრძანეს.
ხალხმა უარი თქვა ამაზე და 100 ათასზე მეტი ადამიანი ამის გამო სიკვდილით დასაჯეს.
ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.