„ანულირებული ცნობა“: კრემლმა „დნეპრზე“ შეკითხვა სამხედროებს გადაუმისამართა

Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი რუსი სამხედროების პრეროგატივაა და არა კრემლისა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სპეცოპერაციის მიმდინარეობასა და ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებაზე. ეს მაინც სპეციალისტების, პროფესიონალების, ანუ ჩვენი სამხედროების პრეროგატივაა. და ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ სიტუაციის კომენტარი მხოლოდ ჩვენმა სამხედროებმა შეიძლება და უნდა გააკეთონ“, − აღნიშნა პესკოვმა.
ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა სააგენტოებმა, კერძოდ „რია ნოვოსტიმ“ და „ტასმა“, თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ჯერ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „დნეპრის“ უფრო მომგებიან პოზიციებზე გადასროლა იგეგმებოდა, შემდეგ კი გააუქმეს იგი. ამ დროისათვის „რია ნოვოსტის“ საიტზე ნიუსის ნაცვლად წერია, რომ 2023 წლის 13 ნოემბრის დილის 10:05 საათზე გამოქვეყნებული ცნობა, სათაურით „დნეპრს“ უფრო მომგებიან პოზიციებზე გადაისვრიან“, ანულირებულია. „ტასი“ კი წერს, რომ ცნობა შეცდომით გამოქვეყნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „გადაჯგუფების“ შესახებ ცნობებს „პროვოკაცია“ უწოდა.