თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ვატიკანის წმინდა საყდრის ბიბლიოთეკასთან, რომელშიც დაცულია შუა საუკუნეების ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექცია - ამიერიდან ქართველ სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები რომში იმყოფებიან.
„დღეს გაფორმდა შეთანხმება ვატიკანის ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, რომელიც არის ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი და გულისხმობს არქივების გახსნას, მათზე წვდომას ქართველი მეცნიერებისთვის, რაც, ვფიქრობ, მეცნიერთა თაობისთვის ძალიან საოცნებო და მნიშვნელოვანი ამბავი იყი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ დღეს აქ ვართ და ვესწრებით ამ დიდ ღონისძიებას“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელნაწერების საცავის ფართობი 85კმ-ს აჭარბებს. როგორც ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, ვატიკანის საცავებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ხელნაწერებია დაცული.
პარალელურად, ვატიკანის ბიბლიოთეკა პასუხისმგებლობას იღებს, გადაამზადოს ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები.