საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ შესაძლოა პარტიად ჩამოყალიბდეს

გაერთიანების წარმომადგენლები უკვე კონსულტაციებს აწარმოებენ
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ შესაძლოა გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად, რომლის მთავარი ორიენტირი ქვეყნის ინტერესები იქნება, განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ხალხის ძალა“ ცნობილია შეერთებული შტატების და სხვა დასავლელი პარტნიორების ქმედებების კრიტიკით. ის 2022 წლის აგვისტოში შექმნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ წასულმა დეპუტატებმა, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ ამჟამად აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
„ჩვენი ძირითადი არჩევანი და გზამკვლევი ისევ არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები. ასე, რომ ისე მშვიდადაც არ უნდა ვიყოთ, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი ცუდი ჩავლილია. შესაბამისად, „ხალხის ძალა“ შესაძლოა კიდევ უფრო ფხიზლად ვიყოთ, რადგან გამოცდილებაც უფრო მეტი გვაქვს და შესაძლოა, პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ახალი განცხადებებიც გავაკეთოთ, ვფიქრობ, რომ შესაძლოა პარტიის ჩამოყალიბების თემაც მომწიფდეს. ამაზე ერთმანეთთან კონსულტაცია გვაქვს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. ამავე დროს დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.