თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში გემების მხრიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ტელეარხი Рalitranews.
თითოეულ სამართალდამრღვევებს გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 65.000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში 184 გემი შემოწმდა, 164 შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლინდა, ხოლო სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერის 9 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც სამართალდამრღვევებს თითოეულს 250 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
ბოლოჯერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტები ოქტომბერში დაფიქსირდა. მაშინ უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავი სამი გემი დაჯარიმდა. გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.