ქათმის ხორცი ბავშვებს აგრესიულს ხდის: ექსპერიმენტის შედეგი და მეცნიერების განმარტება

Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქათმის შემწვარი ხორცი ბავშვების ქცევაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც მეცნიერებმა ექსპერიმენტით დაადასტურეს, წერს კანადური გაზეთი The Toronto Sun მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა კვლევა ჩაატარეს და ქათმის ხორცისგან მომზადებულ კერძებსა და ბავშვის ქცევებს შორის საოცარი კავშირი აღმოაჩინეს.
ექსპერიმენტმა, რომელშიც 6-დან 10 წლამდე ბავშვები მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ ქათმის შემწვარი ბარკლის ან ფრთების ჭამის შემდეგ, ბავშვები აგრესიას ავლენდნენ, ხოლო უძვლო ხორცის, მაგალითად, ქათმის მკერდის მიღების შემთხვევაში აგრესია არანაირად არ იჩენდა თავს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს უცნაური კავშირი ადამიანის ბუნებრივ ინსტიქტებს უკავშირდება. ანუ, როცა ბავშვი ცდილობს, ხორცი ძვალს მოაშოროს, ამ მომენტში მისი ბუნებრივი ინსტიქტები იღვიძებს და აგრესია იზრდება.
სწორედ ამიტომ ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, არ მისცენ შვილებს ვახშამზე ქათმის ბარკალი ან ფრთები, რათა საკვებით გაღვიძებულმა აგრესიამ დაძინების პრობლემები არ წარმოშვას.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ კანადელი მეცნიერების ამ დასკვნას ბევრი ფსიქოლოგი კრიტიკულად ეკიდება, მშობლებისთვის ალბათ მაინც გასათვალისწინებელი უნდა იყოს ექსპერიმენტის შედეგები. შესაბამისად, შვილებს მათი ბუნების გათვალისწინებით უნდა მისცენ ძვლიანი თუ რბილი ხორცი — მაგალითად, არ აჭამონ ჰიპერაქტიურ ბავშვს ქათმის ბარკალი ან ფრთები.