თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ არის ევროინტეგრაციის ტოლფასი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციისგან.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დთქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელთა შორისაა ევროკავშირთან პოლიტიკის დაახლოება. რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ევროპარლამენტარებმა ეს ნაბიჯი ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებთან მიერთებად შეაფასეს.
„ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ოპოზიციის წარმომადგენელი და მათი უცხოელი მოკავშირეები ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოს არ მოუწოდებს, გარისკოს თავისი ეკონომიკური კეთილდღეობით.
მისი თქმით, ევროპა მშვიდობისა და სოლიდარობის პროექტია, მათ კი, ვინც დეზინფორმაციით არიან დაკავებული, უარი უნდა თქვან ანტიევროპულ განცხადებებზე.
8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი. ამავდროულად, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოს სტატუსი მიანიჭოს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას იმდენად, რამდენადაც ეს არ დააზარალებს ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესებს.
ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა შეზღუდულ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიახლოების კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან ძირითადად არ შეცვლილა (44% - 2022 წელს, 43% - 2023 წლის აგვისტოში).
ევოკომისია აღნიშნავს, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ეს საჰაერო სივრცის დაკეტვას ეხება. ამასთან საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, მათ შორის რეზოლუციებს, რომლებიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საბჭომ და ევროპულმა საბჭომ მიიღო.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.