მერია: არცერთი სოცდაუცველი ოჯახი არ დარჩება საახალწლო ნობათის გარეშე

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო კალათების შემადგენლობა, ისინი გაცილებით მრავალფეროვანი გახდა, შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტი.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები წელს საახალწლო ნობათის გარეშე დარჩებიან, ნათქვამია მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის მერია გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საახალწლო ნობათის გარეშე ტოვებს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არიან.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად დარჩება ნობათის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მერიაში აღნიშნეს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო კალათების შემადგენლობა, ისინი გაცილებით მრავალფეროვანი გახდა, შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტი.
საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით: 2-3-სულიან ოჯახს გადაეცემა 2 კალათი, 4-5-სულიან ოჯახს - 3 კალათი, 6-7-სულიან ოჯახს - 4 კალათი და ა.შ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია თანხებს ზოგავს და სოცდაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, არის სრული სიცრუე და ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, აღნიშნულია განცხადებაში.