თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. ტრანსსექსუალებს შეუძლიათ მოინათლონ კათოლიკურ ეკლესიაში, ასევე იყვნენ ნათლიები და მოწმეები ჯვრისწერაზე, იუწყება სააგენტო ANSA რწმენის დოქტრინის დიკასტერიის განმარტებაზე დაყრდნობით.
როგორც განმარტებაში აღინიშნება, ტრანსსექსუალებს, რომლებმაც ჰორმონალური მკურნალობა გაიარეს და სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარეს, ისევე შეუძლიათ მოინათლონ, როგორც ნებისმიერ სხვა მორწმუნეს.
გამონაკლისი არის სიტუაცია, როდესაც არსებობს საზოგადოებრივი სკანდალის ან „მორწმუნეთა დეზორიენტაციის“ გამოწვევის რისკები. თუმცა ასეთი რისკების შემთხვევაშიც კი ტრანსსექსუალ ქალებსა და კაცებს მაინც შეუძლიათ, სხვისი ნათლიები გახდნენ.
ამასთან, როგორც Reuters წერს, ვატიკანის დოქტრინალურმა ოფისმა ბუნდოვანი პასუხები გასცა კითხვებზე, შეუძლია თუ არა ჰომოსექსუალურ წყვილს შვილის მონათვლა, მათ შორის, სუროგაციის გზით დაბადებულისა.
როგორც პასუხშია ნათქვამი, ეს მოითხოვს „გონივრულ იმედს, რომ ბავშვი განათლებას კათოლიკურ რელიგიაში მიიღებს“, — ნათქვამია დიკასტეერის განმარტებაში.
„პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ თქვა, რომეკლესია არ არის საბაჟო − განსაკუთრებით, ნათლობასთან დაკავშირებით − და კარი არავისთვის უნდა იყოს დაკეტილი“, − ნათქვამია ტექსტში.
ამავდროულად, დიკასტერია ხაზს უსვამს, რომ თითოეული სიტუაცია ცალკე უნდა იყოს განხილული, რათა საეკლესიო საიდუმლოს ღირებულება შენარჩუნდეს.
რწმენის დოქტრინის დისკატერია უძველესია რომაული კურიის თექვსმეტ დიკასტერიას შორის, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ერესისგან დასაცავად შეიქმნა. მის კომპეტენციაში შედის რომის კათოლიკურ ეკლესიაში ქადაგებული რწმენის სიწმინდეზე ზედამხედველობა. ექვემდებარება რომის პაპს, როგორც კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს.