თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს მომავალი სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ევროპული მისწრაფებისა და არჩევნის მხარდაჭერა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
„მისასალმებელი და დასაფასებელია ევროკომისიის შეფასება და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის რეკომენდაციის გაცემა. ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისწრაფების და ევროპული არჩევანის მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს პირველი ნაბიჯია სტრატეგიული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელი დღე მყარ ნიადაგს ქმნის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
„ეს ყველა ჩვენგანის საერთო მიღწევაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ წინა წლის ბუნდოვანმა გადაწყვეტილებამ ქართველი ხალხის არაკეთილისმსურველებს მისცა არასასურველი სპეკულაციების საშუალება. ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მუხლჩაუხრელად მუშაობდა ქართული სიმართლის გამარჯვებისთვის, რამაც დღეს პირველი წარმატებული შედეგი გამოიღო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაცია სტატუსის მინიჭების შესახებ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ასრულებს. ამავე დროს, იწყება ევროკავშირის წევრობისკენ გრძელი გზა, სადაც თითოეული მოქალაქის ცოდნა, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.
„ეს გზა ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში საკუთარი გულწრფელი წვლილის შეტანა. 2023 წლის 8 ნოემბერი, და იმედია, ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებაც, საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ევროპის, ჩვენი საერთო ღირებულებების, კულტურის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის განუყოფლობის სიმბოლო. საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.