თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ შეძლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება სუვერენიტეტის დაცვითა და თავმოყვარეობის შენარჩუნებით, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
„თურმე, შესაძლებელი ყოფილა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის მიღება ცალ ფეხზე დგომის გარეშე, სუვერენიტეტის დაცვითა და თავმოყვარეობის შენარჩუნებით. გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაცხადა, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთად", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენელთა გეგმები ჩავარდა.
„ხალხის ძალისა" და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენიებენ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
„სამწუხაროდ, ვერ შეგპირდებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ისწავლის და შეეხიდება ხელისუფლებას, თუნდაც, იმ დათქმების შესასრულებლად, რაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში იქნება. მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპამ უკვე დაინახა, ვინ მუშაობდა ამ სტატუსის მისაღებად და ვინ - საწინააღმდეგოდ", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, დათქმები ევროკავშირის წევრობის ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს და ბუნებრივია, ექნება საქართველოსაც.
„სამაგიეროდ, გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციებით ეს დათქმები შევასრულოთ და მივიღოთ როგორც კანდიდატის სტატუსი, ისე მომავალში - წევრობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.