ავეჯის კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა 50-მდე მოქალაქის თანხა მიითვისა

ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს „დემეს" წარმომადგენელს მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, „დემეს“ წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა და 2021-2022 წლებში ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა.
ბრალდებულმა შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა. მან ჯამში მოტყუებით 465 ათას ლარამდე მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა.
კომპანია „დემეს" წარმომადგენელს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.