თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის სამხედრო ავიაციამ აღმოსავლეთ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტს დაარტყა ამერიკელ პერსონალზე თავდასხმების საპასუხოდ, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
„აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვითი დარტყმა მიაყენეს აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ობიექტს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ. დარტყმა ორი ამერიკული გამანადგურებელი F-15-ით განხორციელდა იარაღის საწყობზე“, − ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.
პენტაგონის შეფის თქმით, ეს შეტევა იყო პასუხი ერაყსა და სირიაში ამერიკელ პერსონალზე თავდასხმების სერიაზე.
როგორც მან აღნიშნა, აშშ სრულად არის მზად, მიიღოს „შემდგომი აუცილებელი ზომები ამერიკელი ხალხისა და ობიექტების დასაცავად".
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა შეერთებულ შტატებს სირიის ობიექტებზე შეტევა მიაქვს, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, ირანთან არიან დაკავშირებული.