თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და რეგიონში პირველი გახდა, ვინც ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანების განაცხადი წარადგინა, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
Single Euro Payment Area (SEPA) - არის ევროზონის ერთიანი საგადასახადო სისტემა, სადაც მთლიანად გაუქმებულია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო გადახდებს შორის ევროებში და ეს გადახდები ერთიან „საშინაო“ ბაზარზე ხორციელდება.
„საქართველოს ცენტრალური ბანკის ეს ამბიციური განაცხადი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს საფინანსო სისტემის და საქართველოს მოსახლეობის მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან და ევროპის საფინანსო სისტემასთან", - განაცხადა თურნავამ.
ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად 2022 წლის 20 სექტემბერს წარადგინა.
პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა - იგი აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის.
ერთიანი ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანება მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით, ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან.