შეძლებისდაგვარად ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას: პრემიერი ევროკომისიის შენიშვაზე

საქართველოს აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები ტერიტორიულ პრობლემებთან დაკავშირებით, აღნიშნა ღარიბაშვილმა
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველო იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას იმდენად, რამდენადაც ეს არ დააზარალებს ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
ევროკავშირის ანგარიშში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულების შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი. ამავდროულად, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოს სტატუსი მიანიჭოს.
„ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ვუერთდებით, რეზოლუციები იქნება თუ განცხადებები და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ მან, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის დეპუტატებმა არაერთხელ განუმარტეს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველოს აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ტერიტორიულ პრობლემებს უკავშირდება.
„მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი, გაცხადებული პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის. ვითვალისწინებთ რა, ამ არაღიარების პოლიტიკას და მის შესაძლო მძიმე შედეგებს, ვხელმძღვანელობთ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია მიულოცა >>
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობდა მათ შორის ამერიკელ კოლეგებთან დასავლეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი შესაბამისობის გაზრდის კუთხით.
„მათ (ამერიკელებს - რედ.) ესმით ამ საკითხის სენსიტიურობა და სპეციფიურობა. არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესება შეიძლება... სამწუხაროდ, საჯაროდ ბევრის თქმის საშუალება არ მეძლევა, მთელ რიგ შემთხვევებში ეს ეხება ჩვენო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა შეზღუდულ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიახლოების კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან ძირითადად არ შეცვლილა (44% - 2022 წელს, 43% - 2023 წლის აგვისტოში).
ჰერჩინსკი: ეს რეკომენდაცია ევროკავშირის მხარდაჭერის აღიარებაა >>
საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ეს საჰაერო სივრცის დაკეტვას ეხება. ამასთან საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, მათ შორის რეზოლუციებს, რომლებიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საბჭომ და ევროპულმა საბჭომ მიიღო.
„საქართველო არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებს. მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
იქვე ნათქვამია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს კანონმდებლობა ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლის შესახებ.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა >>
აღინიშნა, რომ საქართველო ძალიან მჭიდროდ და პროაქტიულად თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლით პრევენციის მიზნით. საქართველომ განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში და ოპერაციებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში.
ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ ქვეყნის ტერიტორია ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ იქნან გამოყენებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველო სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დეკემბერში ელოდება. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა, თითქმის იგივე პერიოდში განაცხადები უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანეს.
ეს აღიარებაა! - ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.