საქართველო კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს - ირაკლი კობახიძე

ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო სტატუსთან დაკავშირებულ საბოლოო გადაწყვეტილებას 14-15 დეკემბერს მიიღებს
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც ბოლო პერიოდში უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა და ახლა ქვეყანა ღირსეულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, დაწერა სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის მანძილზე უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე, კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს“, - დაწერა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა ევროკომისიას, ასევე ყველა იმ პოლიტიკოსსა და საჯარო მოხელეს, ვისაც ამაში წვლილი აქვს შეტანილი.
„მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, უკვე 20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა.
„ამ 20 თვის განმავლობაში, ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა - სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კობახიძემ.
ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.