საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას ელოდება

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება, მიაჩნიათ მმართველ გუნდში
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ევროკომისია 8 ნოემბერს წარუდგენს ევროპულ საბჭოს დასკვნას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„ეს ძალზე მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია - ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი მოელის დადებით შეფასებას ევროკავშირის მხრიდან, სადაც ის გზა და პროგრესი, რაც საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა, პოზიტიურად შეფასდება. მოველით, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს ძალიან მკაფიო საგზაო რუკას საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომლის მიხედვითაც ძალიან მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, თუ როდის გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები", - განაცხადა თალაკვაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე.
ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება, დარწმუნებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.
„ვფიქრობ, რომ მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილება იმ დამსახურებების გათვალისწინებით, რაც საქართველოს აქვს. ევროპულმა კომისიამ ეს უნდა დაინახოს", - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
დადებითი მოლოდინი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძესაც.
„მოლოდინი დადებითია, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ეს მოლოდინები გამქრალიყო... ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ისინი კვლავ იმედგაცრუებული დარჩებიან და საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა ხუნდაძემ.
რა თქმა უნდა, ამისთვის ჯერ კიდევ საჭიროა გარკვეული რეფორმების გატარება და მმართველი გუნდი ამაზე არასდროს იტყვის უარს, ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა.
ბოჭორიშვილი: საბერძნეთი დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირის გზაზე>>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.