რუსი მილიარდერის სარჩელი ადასტურებს, რომ საქართველო სანქციებს იცავს - ეროვნული ბანკი

Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის სარჩელი ადასტურებს, რომ საქართველო არასდროს გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი, განუცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.
ქართულმა იურიდიულმა კომპანიამ MKD Law განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის და „ლიბერთი ბანკის" (Liberty Bank) წინააღმდეგ შეტანილია სარჩელები კომპანია „მეტალოინვესტის" სახელით, რომელიც რუსული საინვესტიციო ჰოლდინგ USM-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჰოლდინგის 49% უსმანოვს ეკუთვნის. მიმდინარე წლის აპრილიდან, როდესაც კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა, მას შეეზღუდა წვდომა რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის აქტივებზე.
„სასამართლო პროცესები არახალია ჩვენთვის, მაგრამ ეს დავაც ადასტურებს, რომ ვერასოდეს და არასოდეს იქცევა საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციების გვერდის ავლის ადგილად, ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს", - განაცხადა თურნავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა დოკუმენტები სარჩელთან დაკავშირებით ახლახან მიიღო და ახლა სასამართლოში თავისი პოზიციების დასაცავად ემზადება.
მანამდე სარჩელთან დაკავშირებით განცხადება „ლიბერთი ბანკმა" გააკეთა. მისი ინფორმაციით, მოსარჩელე არის სანქცირებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ალიშერ უსმანოვი, რომელიც ინდივიდუალურად დასანქცირდა 2022 წლის მარტში, ხოლო მის კომპანიას ჰქონდა წვდომა საბანკო აქტივებზე (მათ შორის „ლიბერთი ბანკში") უშუალოდ ამ კომპანიის დასანქცირებამდე - 2023 წლის აპრილამდე.
სანქცირებული ალიშერ უსმანოვის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა სანქციები, თუ ეს კომპანიები თავად არ მოხვდებოდნენ სანქცირებულთა სიაში, რაც მოსარჩელე კომპანიის შემთხვევაში მოხდა მხოლოდ 2023 წლის აპრილში
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს