ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
რიგით მეექვსე პარიზის მშვიდობის ფორუმი 10-11 ნოემბერს გაიმართება. ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში ოთხშაბათს გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის მეთაური ფორუმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
პარიზის მშვიდობის ფორუმი 2018 წელს დააფუძნა ჟუსტინ ვაისმა, როდესაც ის იყო საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორი. ფორუმის დაარსება მიზნად ისახავდა გლობალური გამოწვევების გადაჭრას და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.
პარიზის რიგით მეხუთე მშვიდობის ფორუმი გაიმართა 2022 წლის 11-12 ნოემბერს ბრონიარის სასახლეში და ომის დროს გლობალური თანამშრომლობის შენარჩუნებას მიეძღვნა.