თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის წარდგენაზე ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის მოსახლეობის, მისი ბოლო წლებში მიღწეული ევროპული მომავლისა და პროგრესის ძლიერი მხარდაჭერის აღიარებაა, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს ერთი მოქალაქეც, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან რეკომენდაცია სტატუსის მინიჭების შესახებ მიულოცა ყველა პოლიტიკურ ლიდერს - ხელისუფლებასა და ოპოზიციას.
„გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას. ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - "მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.