მსოფლიო დღეს

G7 რუსეთისადმი პოზიციას არ ცვლის: გამოქვეყნდა სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტი

Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კვლავ ერთიანები არიან რუსეთზე მკაცრი სასანქციო ზეწოლისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.
უწყებამ დოკუმენტი ტოკიოში G7-ის ქვეყნების მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა.
„განხილვების შემდეგ, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ G7 კვლავაც ერთიანი რჩება რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელების საკითხებში, მიუხედავად არსებული საერთაშორისო ვითარებისა; G7 გაზრდის ძალისხმევას საშუალო და გრძელვადიანი აღდგენისთვის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში; აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „მშვიდობის ფორმულის“ პროცესის წინსვლის უზრუნველყოფა“, — აღნიშნულია დოკუმენტში.
„დიდი შვიდეულის“ სხდომა უკრაინის საკითხზე 80 წუთი გაგრძელდა. პრესრელიზის თანახმად, მას ესწრებოდნენ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ განაცხადა განხილვების დასაწყისში, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაშიც კი, მნიშვნელოვანია, რომ G7-ის ქვეყნებმა მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მათი „მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი არასდროს ჩაქრება“.