ევროკომისიის ანგარიში: შენიშვნები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით

საქართველოს მიუთითეს ევროპული სტანდარტების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. რეფორმების ოთხმა ტალღამ გააუმჯობესა საქართველოს სასამართლო სისტემა, მაგრამ ჯერჯერობით ნაწილობრივი პროგრესია მიღწეული, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.
„საქართველოს სასამართლო სისტემა მომზადების გარკვეულ დონეზეა და მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებასა და ზოგად პოტენციალს, რეფორმების ოთხმა ტალღამ გააუმჯობესა სამართლებრივი ბაზა", - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის რომელიც ეხება სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას, მოსამართლეთა დანიშვნის დასაბუთების ხარისხს და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისთვის პროფესიული გამოცდილების 10 წლამდე მოთხოვნის გაზრდასთან.
ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა 2023 წლის ივნისში „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ მიღებულ ცვლილებებზე და სექტემბერში შემუშავებულ დამატებითი ცვლილებების პროექტზე, რომლებიც ახორციელებს ვენეციის კომისიის (ევროსაბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს) ზოგიერთ რეკომენდაციას, მათ შორის მოსამართლეთა თანამდებობიდან გადაყენებისა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საფუძვლის შეზღუდვის შესახებ.
„შესწორებები არ ეხებოდა ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის ძირითად რეკომენდაციებს, რაც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას და უზენაეს სასამართლოს. კერძოდ, ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას და უფლებამოსილებებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მანდატს, მოსამართლეთა თანხმობის გარეშე გადაყვანას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გასაჩივრების ეფექტურ უფლებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს განახორციელოს შემდგომი უფრო ფართო რეფორმები, რათა უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საპროკურორო დაწესებულების, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა
„კერძოდ, საჭიროა გაუმჯობესება და დამატებითი გარანტიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიამ მიუთითა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი დარჩენილი წევრის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება გამოითქვა. პარლამენტმა ისინი 2023 წლის ოქტომბერში აირჩია.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსებით განხორციელდა.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიისგან მის შენიშვნებთან დაკავშირებით მეტ კონკრეტიკას ელოდებიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადასინჯვას დადებითი შეფასება მისცა და ახლა გაუგებარია, რატომ გახდა კვლავ საჭირო ცვლილებები. ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს ამ კითხვაზე პასუხი არ გაჟღერებულა.
„აბსოლუტური უტოპია“ - პარლამენტის თავმჯდომარე გენპროკურორის არჩევის ახალ წესზე >>
იმავდროულად, 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლო რეფორმის თაობაზე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა არ შეიძლება განხორციელდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა.
გენერალური პროკურორის არჩევა
ევროკომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა გენერალური პროკურორის დანიშვნის საკითხზე შემუშავებული ცვლილებების „კვალიფიციური უმრავლესობით“ მიღების აუცილებლობაზე.
საქართველოს პარლამენტმა ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით უნდა აირჩევს.
2022 წლის ოქტომბერში პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების თანახმად, თუ გენერალური პროკურორი ხმების 3/5-ით (90) ორჯერ ვერ აირჩევა, მაშინ იგი აირჩევა ხმების უმრავლესობით (76), მაგრამ არა ექვსი წლით, როგორც ეს პირველ შემთხვევაში იყო გათვალისწინებული, არამედ მხოლოდ ერთი წლით.
სასამართლო რეფორმა - „ქართული ოცნება" ევროკავშირის მესამე პირობის შესრულებაზე >>
ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიღწეული კონსენსუსის წყალობით მიიღეს, რომელიც გენერალური პროკურორის ხმების 3/5-ით არჩევის წესს სამართლებრივ ნონსენსად მიიჩნევს, მაგრამ იძულებულია ამაზე წავიდეს ევროკავშირის პირობების შესრულებისთვის.
ეს არის მცდელობა, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა რაღაც მექანიზმებით მოხდეს უმცირესობისთვის ძალაუფლების ბერკეტების მიცემა, განაცხადა კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.