თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ არის ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ინტენსიური მუშაობის აღიარება, დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ X (Twitter)-ში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„გილოცავ, საქართველო! ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. ველით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში," - დაწერა დარჩიაშვილმა.
ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.