ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა

ქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა, იუწყება „პირველი არხი“.
ქუთაისს უხვი ნალექი ორშაბათს, 6 ნოემბრის საღამოს დაატყდა თავს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოთისა და ჩხობაძის ქუჩებზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, დაზიანდა ტექნიკა და ავეჯი. უამინდობის გამო შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.
ქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 9 ნოემბრამდე გაგრძელდება, მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.