ქარელში მამაკაცმა 12 წლის გოგონა ქორწინების მიზნით მოიტაცა: ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა

ქარელში 22 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონა ქორწინების მიზნით მოიტაცა
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 12 წლის გოგონას მოტაცებისა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე დაკავებულ 22 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში დაზარალებულის სტატუსით არასრულწლოვანი ფიგურირებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 22 წლის ბიჭმა 12 წლის გოგონა ქორწინების მიზნით მოიტაცა და საკუთარ სახლში მიიყვანა.
მეზობლები და ოჯახის წევრები თავს იმით იმართლებენ, რომ არასრულწლოვანი „გაცილებით უფროსი", 15 წლის ეგონათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
იმ სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სადაც მოტაცებული მეშვიდეკლასელი სწავლობდა, გოგონა გამტაცებელს თავისი ნებით გაჰყვა.
12 წლის მოზარდის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მოზარდი თავშესაფარშია გადაყვანილი. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს.