თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. 2024 წელს თბილისში 160 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად შემოვა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, პირველი 50 ავტობუსი 2024 წლის 1 აპრილამდე შემოვა, დანარჩენი 110 – მომავალი წლის ბოლომდე.
თბილისის მერი კახა კალაძე, მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში მიემგზავრება, სადაც კომპანია MAN-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა დაგეგმილი. კალაძემ ასევე დაათვალიერებს MAN-ის საგამოფენო დარბაზს, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსებია გამოფენილი.
დღეისთვის დედაქალაქს 234 ერთეული 10 და 12-მეტრიანი ავტობუსები ემსახურება.
ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WI-FI მოწყობილობას.
2024 წლის ბოლომდე თბილისში 400-მდე ახალი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ქალაქის ავტობუსების პარკის დაახლოებით 40%-ია. ამ ეტაპზე თბილისის ავტოპარკში 860 ავტობუსია.