თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის მინისტრებმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მარიან შარეცმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ორი ქვეყნის თავდაცვითი უწყებების თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორობის გაღრმავებას, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
მარიან შარეცი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ეს მისი პირველი ვიზიტია თბილისში.
თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ კოლეგებმა გამართეს ორმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები თავდაცვის სფეროში, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები.
ბურჭულაძემ სლოვენიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მარიან შარეცი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველომ და სლოვენიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 18 იანვარს დაამყარეს.