თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის - მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 58 ქულით 590-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ფურცელაძეს, მას 87 ქულა აქვს და, ოფიციალურად, იგი მსოფლიოს 472-ე ჩოგანია. ეს შედეგი ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესოა.
ბასილაშვილს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იდაყვზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მან კორტზე დაბრუნება მხოლოდ ოქტომბერში შეძლო. სამწუხაროდ, დაბრუნება წარმატებული არ აღმოჩნდა – ბასილაშვილი Hamburg Challenger-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე გერმანელ იაკობ შნაიდერთან დამარცხდა (3:6, 4:6).
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში. ბასილაშვილმა კარიერა 2010 წელს დაიწყო.