საეკლესიო კალენდარი: 5 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ნოემბერს წმიდა მოციქულ იაკობის და წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების ძე იყო. გადმოცემით, წმინდანი თან ახლდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში - წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, წმინდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა.
წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.
საეკლესიო კალენდარი: 4 ნოემბერი
წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.
წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (847-857; 867-877), ერისკაცობაში - ნიკიტა, სამეფო გვარის ჩამომავალი იყო. როცა მისი მამა, იმპერატორი მიხეილ I (811-813) ლეონ სომეხმა (813-820) ტახტიდან ჩამოაგდო, ყრმა ეგნატე მონასტერში გამოამწყვდიეს. მონასტერში ცხოვრებამ წმიდანი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში განამტკიცა. მალე იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა დადგენილი.
იმპერატორ მიხეილ III-ის (855-867) არასრულწლოვნების ჟამს ქვეყანას განაგებდა მისი ბიძა - უღმრთო და უზნეო ბარდა. წმიდა პატრიარქი ამ უკანასკნელს შეაგონებდა, დაეგდო ცოდვილი ცხოვრება და ამხელდა მის უსჯულოებას. როცა ბარდამ მღვდელმთავარს წმიდა დედოფალ თეოდორას მონაზვნად აღკვეცა მოსთხოვა, რომ ამ გზით იგი ქვეყნის მმართველობისგან ჩამოეშორებინა, წმიდა ეგნატე არ დაჰყვა ბარდას ნებას და განაყენა იგი ზიარებისგან.
თხუთმეტი დღე აწამებდნენ პატრიარქს და აიძულებდნენ, უარი ეთქვა ხარისხზე, შემდეგ კი კუნძულ ტერებინზე გადაასახლეს. იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) დროს წმიდა ეგნატე გადასახლებიდან გამოიწვიეს და სამღვდელმთავრო ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ნეტარი კიდევ ათი წლის მანძილზე მესაჭეობდა ეკლესიას, ბოლოს კი, ოთხმოცდაცხრა წლის ასაკში, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+877-878).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით