რატომ არიან ქალები უფრო კეთილები, ხოლო მამაკაცები - ეგოისტები

ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ქალების უმრავლესობა მზადაა მეგობრების, ოჯახის წევრების, ქუჩაში უცნობების დასახმარებლადაც კი, რასაც ყოველთვის ვერ ვიტყვით მამაკაცებზე.
Sputnik
ციურიხის უნივერსიტეტის ახალი კვლევა ადასტურებს: მამაკაცის ტვინი აქეზებს ეგოისტურ საქციელს, ხოლო ქალის – ალტრუისტულს. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა...
ნეირობიოლოგებმა ჩაატარეს რიგი ქცევების კვლევა ექსპერიმენტების დახმარებით, სადაც რესპონდენტებს უწევდათ გადაწყვეტილების მიღება – უნდა დახმარებოდნენ თუ არა სხვებს ფულით. ნეირობიოლოგებს უნდა დაედგინათ, ტვინის რომელი ნაწილები ამოქმედდებოდა მაშინ, როცა მიიღებდნენ ალტრუისტულ გადაწყვეტილებას, და მაშინ, როდესაც მიიღებდნენ ეგოისტურ გადაწყვეტილებას.
მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ზოლიანი სხეული (ტვინის ის ნაწილი, რომელიც, თუ კარგად ვიქცევით, გვაჯილდოვებს „გემრიელი" დოფამინით) ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, აჩვენებდა გამოხატულ რეაქციას, როდესაც ისინი ალტრუისტულ გადაწყვეტილებას იღებდნენ.
და, პირიქით, მამაკაცების ზოლიანი სხეული უფრო რეაგირებს ეგოისტურ საქციელზე. ანუ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ჯილდოვდებიან კეთილი საქციელისთვის, ხოლო მამაკაცები – ეგოისტურისთვის. ეს ხომ ასეცაა ცხოვრებაში.
რას ფიქრობენ მამაკაცები ქალებზე?
მკვლევარებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც მედიკამენტოზური საშუალებებით ზოლიანი სხეულის ნეიტრალიზება მოახდინეს. ამის შედეგად ქალებმა დაიწყეს უფრო ეგოისტური გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მამაკაცები უფრო გულუხვი გახდნენ.

ამ აღმოჩენამ სამეცნიერო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სოუტჩეკმა მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით აღნიშნა: „ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა ასევე, რომ ქალისა და მამაკაცის ტვინი სხვადასხვანაირად აღიქვამს ალტრუისტულ ქცევას ფარმაკოლოგიურ დონეზე".
მაგრამ, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სანამ მამაკაცები იფიქრებენ, რომ აქვთ უფლება, პასუხი არ აგონ თავიანთ ეგოისტურ საქციელზე, უნდა იცოდნენ, რომ ამ სხვაობის ფესვები უფრო კულტურულია, ვიდრე ბიოლოგიური. სოუტჩეკის განცხადებით, ეს ბუნებრივი მოვლენაა. დიდი ალბათობით, ეს ტრადიციული სოციალური წესების შედეგია.
„ადამიანის ტვინი იმგვარად არის მოწყობილი, რომ სწავლის პროცესი დაჯილდოებაზეა აგებული. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ გოგონები ადრეული ასაკიდან არიან წახალისებული ალტრუისტულ ქცევაზე. ამიტომ ქალის ტვინი ჯილდოვდება სწორედ კეთილი და არა ეგოისტური საქციელის გამო", – აღნიშნავს სოუტჩეკი.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტებში არსებული გენდერული სხვაობა აიხსნება სხვადასხვა კულტურული მოლოდინებით, რომლებიც ქალებსა და მამაკაცებს ეკისრება, ასკვნიან მეცნიერები.