თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ჰამბურგის აეროპორტში, სადაც შეიარაღებულ მამაკაცს მძევლად 4 წლის ბავშვი ჰყავს აყვანილი, სამართალდამცავები შესაბამის ოპერაციას ახორციელებენ, რის გამოც ავიარეისები გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია აეროპორტის ვებგვერდზეა განთავსებული.
4 ნოემბრის საღამოს ჰამბურგის აეროპორტი „პოლიციური ზომების" გამო დაიხურა და ავიარეისებიც გაუქმდა. მოგვიანებით ქალაქის პოლიციამ განაცხადა, რომ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე, სადაც მამაკაცი ბავშვთან ერთად იმყოფება, ოპერაციას ატარებს.
„პოლიციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ფრენები გაურკვეველი ვადით შეჩერდება. ამ შეფერხების შედეგად დღეს მთელი დღის განმავლობაში ავიარეისების არაერთი გაუქმება და შეფერხება იქნება, დილით, პირველი რეისები უკვე გაუქმდა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცის ავტომობილში ოთხი წლის ბავშვი იმყოფება, რომელიც შეიარაღებული მამაკაცის შვილია და საქმე მასსა და ბავშვის დედას შორის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავას ეხება.