შრომის ინსპექციამ სამშენებლო სექტორში ათასზე მეტი დარღვევა გამოავლინა

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს ქვეყნის სამშენებლო სექტორში 1176 ინსპექტირება ჩაატარა, იტყობინება უწყება.
„[ჩატარებული შემოწმების შედეგად], სამუშაო პროცესი შეუჩერდა 218 სამშენებლო ობიექტს, ხოლო გაფრთხილება მიეცა 295 ობიექტს“, — ნათქვამია სამსახურის ინფორმაციაში.
ამასთან შრომის ინსპექცია მოსახლეობას აუწყებს, რომ შრომის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში ახალ კამპანიას — „შენც გახდი ინსპექტორი“ იწყებს, და მოუწოდებს საზოგადოებას, ჩაერთნენ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაში.
„თუ თქვენს ირგვლივ მშენებლობაა და ხედავთ, რომ ის უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობს, უბრალოდ მოგვაწოდეთ ფოტო ან ვიდეო მასალა და სამშენებლო ობიექტის მისამართი ელექტრონული ფოსტით (inoflio@moh.gov.ge). შრომის ინსპექტორები კი შესაბამის ზომებს მიიღებენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუფრთხილებლობით მომხდარი უბედური შემთხვევები“, — მიმართავს სამსახური მოქალაქეებს.
საქართველოს შრომის ინსპექცია ამოწმებს როგორც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესების დაცვას, ისე სამუშაო განრიგის დაცვას, აკონტროლებს თანამშრომელთა შესაძლო დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათი შრომითი უფლებებისა და დამსაქმებლების მიერ შრომის კოდექსის ნორმებისდაცვას.
გარდა ამისა, წელს შრომის ინსპექციას მიეცა შესაძლებლობა, დააჯარიმოს დამსაქმებლები შრომის კოდექსის დარღვევისთვის. ჯარიმის ზომა დამოკიდებულია კომპანიის შემოსავალსა და დარღვევის ტიპზე.