ძიუდო: შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ევროპის ჩემპიონატი მონპელიეში 3-5 ნოემბერს ტარდება
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ნახევარფინალში ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან იპონით წააგო და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ტურნირზე ოთხი შეხვედრა მოიგო და ფინალშია მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ). ქართველმა ფინალში გასასვლელად ფრანგ ომარ ალფა დიალოს მოუგო და ოქროს მედლისთვის თურქ ალბაირაკს შეხვდება.
ტურნირზე მოასპარეზე ოთხი სპორტსმენი – გიორგი ტერაშვილი (73კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ),მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე 70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ევროპის ჩემპიონატი მონპელიეში 3-5 ნოემბერს ტარდება - კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.