ჭაჭის არაყი და ქართველი კაცის ბუნება: საქპატენტი ჭაჭას სპეციალურ სტატიას უძღვნის

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ჭაჭის არაყზე ამბობენ, რომ ამ მათრობელა სითხეს შეუძლია იდეალურად დაახასიათოს ქართველი კაცის ბუნება — კახური ჭაჭა ზუსტად ისეთივე სასმელია, როგორი ბუნებისაცაა კახელი გლეხი, ნათქვამია საქპატენტის სტატიაში, რომელსაც უწყება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აქვეყნებს.
უწყებას ეთნოგრაფ ვალერი ზაზაშვილის ციტატა მოჰყავს, რომლის თანახმადაც, „ჭაჭა ნელა, თანდათანობით ათრობს ადამიანს და ისეთივე „დინჯია“, როგორიც მისი გამომხდელი. მეგრული არაყი უცებ გათრობს და ნაბახუსევიდანაც მალევე გამოდიხარ. სვანური არაყი პირს წვავს და თუ გემო თავიდანვე არ დაუჭირე, ბოლოს შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მთიულურმა არაყმა კი შეყოლა იცის და ბოლოს აღტყინებულ, პოეტურ ხასიათზე გაყენებს“.

„ამ ერთი ციტატიდანვე ვიგებთ, რომ ჭაჭა მთელ საქართველოში გავრცელებული სასმელია და მისი დაყენების მეთოდში მცირე განსხვავებამაც კი შეიძლება სასმელის ხასიათი შეცვალოს და ყველაზე მეტად პატრონის ბუნებას დაემსგავსოს“, — წერს საქპატენტი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, იმის შესახებ, თუ როდის გაჩნდა ჭაჭის არაყი საქართველოში, არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა „ლოგიკურ მსჯელობათა ჯაჭვს ღვინომდე მივყავართ“.
„საქპატენტის“ ეს მოსაზრება ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტის, ბონდო კალანდაძის წიგნს, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანეს“ ეყრდნობა, რომელშიც ნათქვამია:
„სადაც ღვინო იყო, იქ ჭაჭაც აუცილებლად იქნებოდა. და თუკი საქართველო ღვინის აკვანია, ჭაჭის არაყიც ხომ ღვინის თანმდევია?!“
ამასთან უწყება ასახელებს სრულიად საპირისპირო მოსაზრებასაც, რომლის თანახმადაც ჭაჭა XVII-XVIII საუკუნიდან გაჩნდა.
„ეთნოგრაფები ამ ვერსიას ამყარებენ სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონით“. წინა საუკუნეების არცერთ დოკუმენტში არ იძებნება სიტყვა „ჭაჭა“ ან „არაყი“. სულხან-საბა კი თავის ლექსიკონში უკვე აღნიშნავს, რომ „რახი ბერძნულია, არაყი არაბულია და იყი ქართულად ქვიან...“. აი, ზუსტად ეს ჩანაწერი აძლევს მეცნიერებს უფლებას ივარაუდონ, რომ ჭაჭა XVII-XVIII საუკუნიდან შემოდის ჩვენში“.
როგორც „საქპატენტში“ აცხადებენ, ჭაჭა №1 სასმელია სპირტიანი სასმელების მოყვარულებისთვის და ამასთან განსაკუთრებული როლი აქვს ტურიზმში.
„სიტყვა „ჭაჭა“ ალბათ ის მთავარი სასიგნალო დასახელებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გვიკვალავს გზას. ყველა ადამიანი, ვისაც ეს სასმელი ერთხელ მაინც გაუსინჯავს და გაიგონებს სიტყვას „ჭაჭა“, უმალ მიხვდება, თუ რომელ ქვეყანაზეა საუბარი“, — ნათქვამია სტატიაში.
გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ საქპატენტში 2011 წლის 13 დეკემბერსაა რეგისტრირებული.