საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეებმა ასტანაში ტურნირზე გაიმარჯვეს

ქართველმა სპორტსმენებმა ყველა კატეგორიაში მედლები მოიპოვეს
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მოციგურავეების დიანა დევისის და გლებ სმოკლინის დუეტმა, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს, ასტანაში Denis Ten Memorial-ის „ჩელენჯერის" სერიის ტურნირზე ყინულზე ცეკვაში იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა, იუწყება საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია.
სერია „ჩელენჯერის" ტურნირი ასტანაში მოციგურავეების საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდით ჩატარდა.
სპორტსმენებმა ორი პროგრამის ჯამში 192,67 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე ადგილზე გერმანელების - ჯენიფერ იანსე ვან რენსებურგისა და ბენიამინ შტეფანის წყვილი (179,42) გავიდა, მესამეზე კი უკრაინელების - მარია პინჩუკისა და ნიკიტა პოგორელოვის დუეტი (167,22 ).
გარდა ამისა, შეჯიბრზე ოქროს მედალი ინგა გურგენიძემ აიღო, ნიკა ეგაძემ, კონსტანტინე სუპატაშვილმა, მარია ალიევამ და ეგორ ბარშაკმა ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ალინა ურუშაძემ აიღო.
დიანა დევისს, რომელიც ცნობილი რუსი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია, ამერიკის და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. მისი პარტნიორი, მსახიობ ბორის სმოლკინის ვაჟი კი ისრაელის მოქალაქეა.
სპორტსმენები რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები არიან. წყვილმა 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მე-14 ადგილი დაიკავა.
დევისი-სმოლკინის წყვილმა 2022/23 სეზონზე სმოლკინის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ყველა შიდარუსული ტურნირი გამოტოვა. ამერიკელმა ჟურნალისტმა დეივ ლიზმა ზაფხულში განაცხადა, რომ დუეტი აშშ-ის ნაკრებში აპირებდა გადასვლას, მაგრამ მოციგურავეებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
2023 წლის ივნისში რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი დუეტის საქართველოს ნაკრებში გადასვლას დაეთანხმა.