საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა

მომხდარის ადგილზე გასარკვევად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთი მეზღვაური გემზე სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ხოლო მეორე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

„2023 წლის 2 ნოემბერს საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაზიანდა ქართველი მეზღვაური. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 26 ოქტომბერს, აღნიშნულ გემზე ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულ, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ვითარების ადგილზე გასარკვევად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.