ცნობილია, როდის დასრულდება სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა და მიმდინარე სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია: განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

„უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. დაახლოებით, ორი-სამი კვირა სჭირდება, რომ ასფალტის ბოლო ფენები დაიგოს. ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე გაკეთებულია ბეტონის გზა. გარდა ამისა, დამონტაჟდება ლედ-სანათები, მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება“, — განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გზის დამცავი კედლები, რომლებმაც უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.