თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ძმაა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა იცოდა თუ სად იმყოფებოდნენ მსჯავრდებულები და რომ მათზე ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა პოლიციას მათი ადგილმდებარეობა დაუმალა - მას ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი 1 ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი 2 ნოემბერს დააკავა, ამ დროისთვის ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებული.
აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულია საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბადრაგს ბრალდება სსკ-ის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.
გამოძიების ცნობით, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. საბადრაგო სამსახურს სამი მსჯავრდებული კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაექცა, როდესაც ისინი სამედიცინო დაწესებულების უკანა შესასვლელთან იმყოფებოდნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.