თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მდებარე პარკ „პატრიოტში“ მეჩეთის მშენებლობას კარგი იდეა უწოდა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ეროვნული ერთიანობის დღეს წითელ მოედანზე მინინისა და პოჟარსკის ძეგლთან ყვავილების დადების ცერემონიის შემდეგ, რუსეთის მუსლიმთა სულიერი ადმინისტრაციის თავმჯდომარე რავილ გეინუთდინმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს მეთაურს მეჩეთის აშენების ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
მუფთის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან უკვე მიიღო შესაბამისი დადგენილება მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით.
ამასთან მან ვლადიმირ პუტინი სამშენებლო მოედანზე მემორიალური ქვის გახსნის ცერემონიაზე დაპატიჟა, რომელიც ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
„ეს კარგი იდეაა. ბიჭები ერთად იბრძვიან“, — აღნიშნა პუტინმა.
2020 წლის 14 ივნისს პარკ „პატრიოტში“ ქრისტეს აღდგომის საპატრიარქო ტაძარი აკურთხეს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის სტატუსი აქვს. იმავე წლის ბოლოს, რუსეთის მუსლიმთა სულიერი დირექტორატის თავმჯდომარემ იქ სხვა ტრადიციული რელიგიების ტაძრების აშენების იდეა წამოაყენა.