მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა

ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 1,4 მლნ მგზავრს მოემსახურა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტით 665,7 ათას მგზავრს მოემსახურა.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. წლის დასაწყისიდან შესრულდა 4,1 ათასამდე რეისი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია.
ამასთან, მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით აეროპორტში ზრდა დაფიქსირდა გასულ თვეშიც. ოქტომბერში აეროპორტი მოემსახურა 164.176 მგზავრს და 472 რეისს, რაც 2022 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე - 415%-ით და 325%-ით მეტია.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარულ რეისებს ასრულებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი–ქუთაისი–ალმათის მიმართულება დაამატა.
გარდა ამისა, 2023 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა 2020 წლის მარტში შემოიღო, რომელიც მოქმედებდა 2021 წლის თებერვლამდე. უკვე 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე იყო 2021 წლის იანვარ-დეკემბერში.
2022 წლის 12 თვეში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.