თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბოლო წლებში საქართველოს პოზიცია საგარეო პოლიტიკაში 87%-ით ემთხვევა ევროკავშირის პოლიტიკას საერთაშორისო ფორმატებში და 50%-ით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, ამასთან, ქვეყანა არ ივიწყებს თავის ინტერესებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ საგარეო პოლიტიკის თანხვედრაზე, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირი ძალიან დიდი გაერთიანებაა, რომელიც აკეთებს განცხადებებს მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენაზე, ომსა თუ გამოწვევებზე. როდესაც საუბარია საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაზე, ბოლო წლებში საქართველოს აქვს პოზიციების 87% თანხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, თითქმის 50%-ზე ვართ მიერთებული და ეს მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანა პირველ რიგში ხელმძღვანელობს საკუთარი ეროვნული ინტერესებით.
„ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვაძლევს იმის დამატებით განხილვების აუცილებლობას, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით. მათ იციან ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა და საქართველო გააგრძელებს, მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, რომლებიც აქვს ევროკავშირს მსოფლიოსთან მიმართებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილმა პარტნიორებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ინფორმაცია ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააცნო.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის ძალისხმევა და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში გადაიდგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს ასახავს და რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის გაერთიანება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.