ნოემბრის სამკურნალო ნობათი

ჩვენთვის ასე ნაცნობი და უცნობი ხილის დეკორატიული და სამკურნალო ღირსებები: ფშატი, ფეიხოა, კივი, ხურმა, ძახველი.
Sputnik
ფშატი (შტოში, შეფერდია, კოწახური) ლანდშაფტურ დიზაინში საქართველოში საკმაოდ იშვიათად გამოყენებადი მცენარეა, თუმცა ტყუილუბრალოდ. ამ მცენარის ულამაზესი ვერცხლისფერი ფოთლები, რომელიც შემოდგომაზეც არ იცვლიან ფერს, ნებისმიერი ბაღის მშვენებად შეიძლება იქცნენ.
ეს გახლავთ 3-დან 5 მეტრამდე ფოთოლმცვენი ხე ან ბუჩქი, რომლის ვარჯიც ზამთარშიც არ კარგავს მიმზიდველობას ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე კი წითელი პატარა ნაყოფების კუნწულებით უდავოდ გახდება მოშიშველბული ბაღის მშვენება.
ლანდშაფტურ დიზაინში ფშატი შეიძლება გამოიყენოთ როგორც საბორდიურე მცენარედ - ცოცხალი ღობეების შესაქმნელად, ასევე სოლიტერად - როგორც ფერადი ლაქა თქვენი ბაღისათვის. ფშატი ძალიან კარგ ფონს ქმნის მრავალწლიანებისათვის, რომელთაც ვერცხლისფერი, თეთრი ან ჭრელი შეფერილობა აქვს. ასევე უხდება ოქროსფერ და წითლად შეფერილ მცენარეებს. ფშატი ასევე ძალიან ეფექტურია წიწვოვანი ხეებისა და ბუჩქების გვერდით. გარდა ამისა მისი მაღალი ყინვამედეგობის თვისებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ლანდშაფტურ დიზაინში შესაძლებელია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
სად უნდა დავრგოთ? - ნათელ, ქარისაგან დაცულ ადგილას, თუმცა არა პირდაპირი მზის ქვეშ, კარგად უძლებს გვალვებსაც და ტენიანობასაც. გარდა ამისა ფშატს არ ეშინია ურბანული დაბინძურების და ძალიან კარგად დაგიცავთ დატვირთული საავტომობილო ტრასის მავნებლობისგანაც. რაც შეეხება მისი ნაყოფის სასარგებლო თვისებებს, ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მასში უხვადაა ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი.
კოწახური
ამ კენკრის უნიკალური უნარი - შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი სულ ახლახან გახდა ცნობილი. ტრადიციულად შტოშს იყენებდნენ როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებას მაღალი ტემპერატურის, აგრეთვე სურავანდის დროს.
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობით ის ნამდვილი ჩემპიონია ველურ კენკროვანთა შორის. ფშატის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, B ჯგუფის ვიტამინებს (ისინი განამტკიცებენ ნერვულ სისტემას და დიდხანს უარჩუნებენ სილამაზეს კანსა და თმას), სასარგებლო მიკროელემენტებს: კალიუმს, იოდს, მაგნიუმს, - ფლავონოიდებისა და PP ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით კი ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას სრულ ათვისებას. გაითვალისწინეთ: დუღილის დროს C ვიტამინი იშლება. თუ ამზადებთ ფშატის სასმელს, კენკრა არ უნდა ხარშოთ - ის უნდა გამოწუროთ, წამოადუღოთ შაქართან ერთად მისი ჩენჩო და რბილობი (რათა სასმელს კენკრის ლამაზი, ცეცხლოვანი შეფერილობა მიეცეს) და როცა ნახარში გაგრილდება, ჩაამატოთ მასში შტოშის ცოცხალი წვენი.
ფშატი
ფეიხოა - ამ მარადმწვანე სუბტროპიკულ ბუჩქს კარგად იცნობენ საქართველოში, შავი ზღვის ზოლში, თუმცა ნაკლებად არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში და ამის მიზეზი შედარებით მკაცრი კლიმატური პირობები გახლავთ. ფეიხოას ბუჩქი კარგად უძლებს 9-10 გრადუსიან ყინვებს, თუმცა 12 გრადუსზე უკვე იყინება. ვისაც ამ 2-დან-5 მეტრამდე ბუჩქის ყვავილობა უნახავს, დამეთანხმება, რომ უდავოდ საოცარი სანახავია მოვერცხლისფრო ბუჩქზე გაშლილი ოდნავ ვარდისფერი ყვავილის ფურცლები კაშკაშა წითელ-ყვითელი გვირგვინით ცენტრში. ევროპელებმა ეს სამხრეთ ბრაზილიელი დედოფალა სულ რაღაც 100 წლის წინ გაიცნეს და საკმაოდ ფართე გავრცელების არეალი ჰპოვა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ზოგიერთი წყაროს ცნობით, საქართველოში 1900 წელს გამოჩნდა და პირველი პლანტაციები სოხუმისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებში გაშენდა.
ფეიხოა ულამაზესად ყვავის მაის ივნისში, ხოლო მისი ნაყოფობა ოქტომბრის ბოლოდან იწყება და იანვარ-თებერვლამდეც შეიძლება გასტანოს. ცოტამ თუ იცის, რომ ფეიხოა შესაძლოა ქოთნის კულტურის სახითაც გამოვიყენოთ როგორც ლიმონი - გრილი გამოზამთრებისა და ხშირი დანამვის პირობით, ხოლო მის ასაყვავებლად კი ხელოვნური დამტვერვა დაგჭირდებათ - ფუნჯის დახმარებით.
ფეიხოა
რაც შეეხება სასარგებლო თვისებებს,ფეიხოას ნაყოფი რბილი, მუქი მწვანე კენკრაა, მარწყვისა და ანანასის არომატით. ერთადერთი ხილია, რომელიც იოდის შემცველობით წყალმცენარეებს უტოლდება.
ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: С, В1, В2, В3, В5, В6, РР; მიკრო- და მაკროელემენტებს: იოდი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი.
ნაყოფის რბილობში ორგანიზმის მიერ ადვილად შესათვისებელი ცილებისა და ცხიმების არსებობის გამო ფეიხოა დიეტური პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება. ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.
გახსოვდეთ: ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს ჯობს ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.
კივის ჩირი
კივის – აქტინიდიას სამშობლოა ჩინეთი. მას სხვაგვარად „ჩინურ ხურტკმელსაც" უწოდებენ. ძალიან საინტერესო ფოთოლმცვენი ლიანა გახლავთ, როგორც მეხილეობის თვალსაზრისით ასევე ლანდშაფტურ დიზაინში. მისი ყინვაგამძლეობის დიაპაზონი ჯიშების მიხედვით ბევრად მაღალია ვიდრე ფეიხოასი და საკმაოდ ხშირად გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში. კივის ჭრელფოთლოვანი ჯიშები ულამაზეს საჩრდილობელ ფანჩატურებს ქმნიან - მწვანე ტყავისებურ ფართო ფოთლებზე თეთრი და ვარდისფერი ლაქებით. ნაყოფი ჯიშების მიხედვით შესაძლოა იყოს ყავისფერი, მწვანე, წითელი. ყვავილობს ასევე ულამაზესად - მაისის ბოლოს და ნაყოფს იმწიფებს ოქტომბერ-ნოემბერში. ორსახლიანი (გაყოფილ-სქესიანი) მცენარეა დეა ნაყოფობისათვის, აუცილებელია 5-6 მდედრ ძირზე ერთი მამრი ძირიც დაირგას.
რაც შეეხება სასარგებლო თვისებებს - იცოდეთ, რომ ეს გახლავთ ხილი, რომლის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს – მასში С ვიტამინი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. კივი დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრამში მხოლოდ 48 კკალორიაა.
ასევე, მასში არის Е ვიტამინი, რომელიც, როგორც წესი, შედის მაღალკალორიულ პროდუქტებში (მაგალითად, კაკალი, თხილი) და მისი დეფიციტი შეიძლება გაუჩნდეს იმ ადამიანს, ვინც ჭარბწონიანობას ებრძვის; კივი კი დიეტური პროდუქტია და ამ ვიტამინის ნაკლებობა თავისუფლად შეიძლება შეივსოს მისი მიღებით.
ასევე კივი იმ მცირერიცხოვან პროდუქტთა სიაშია, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას – ვიტამინს В9 და პირიდოქსინს – ვიტამინს В6. ფოლიუმის შემცველობით კივი მხოლოდ ბროკოლს ჩამორჩება.
კივის ჩართვას ყოველდღიურ რაციონში ურჩევენ სტრესის, დეპრესიების დროს და ზედმეტი დაძაბულობისას ნერვული სისტემის მდგრადობის რეგულირებისთვის. მისი გამოყენება ასევე კარგია სპორტსმენებისთვის, როგორც ნატურალური სტიმულატორი და ენერგიის აღმდგენი საშუალება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება
ხურმა (ლათ. Diospyros) — აბანოზისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. ცნობილია მისი200-მდე სახეობა. მისი სახელწოდება ბერძნულიდან მოდის და „ღმერთების საკვებს“ ნიშნავს. ჩემთვის ზამთრის ბაღების უდავო ფავორიტია ლანდშაფტურ დიზაინში. ულამაზესი სანახავია დათოვლილ ბაღებში ჰაერში გამოკიდებული ხურმისა და კარალიოკის ნარინჯისფერ-მოწითალო ნაყოფები. ხურმა ოქტომბერში იწყებს მწიფობას და იანვარ-თებერვლამდეც კი შერჩება ხოლმე ხის კენწეროებს.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომლის ჭამაც სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი და კარალიოკი (კოროლიოკი) – მისი ნაყოფი მაშინაც იჭმება, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია.
ხურმის ნაყოფს დიდი საკვები ღირებულება გააჩნია და ეს უმთავრესად – გლუკოზისა და საქაროზის შემცველობის წყალობით. მის შემდგენლობაში შედის ვიტამინი С, პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი), С, РР, Е ვიტამინები, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი და კალიუმი.
დიდი რაოდენობით ტანინის შემცველობა მკვახე ნაყოფს მწკლარტე გემოს ანიჭებს, მაგრამ მომწიფების შემდეგ ეს გემო სუსტდება. სიმწკლარტის გასაქრობად შესაძლებელია ხურმის გაყინვა – გალღობის შემდეგ ეს გემო ქრება.
მწიფე ხურმა
ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუტების ჩამონათვალშია.
ხურმას მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ათეროსკლეროზთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში ვაშლს უკან იტოვებს. ხურმა მნიშვნელოვნად მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მართალია, სპილენძი და თუთია ვაშლში უფრო მეტია, ხურმა პირველობას არ უთმობს ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმისა, კალციუმისა და რკინის შემცველობით.
ნახშირწყლების მხრივ ის არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს, ხოლო ცილების შემცველობით კვერცხსაც არ უდებს ტოლს.
ხურმის მიღება სასარგებლოა თირკმლების, გულის დაავადებებისას, აქვს შარდმდენი მოქმედება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის მიმართ.
ზოგადად, ხურმის შემცველობაში პროვიტამინები კარგად მოქმედებს ორგანიზმზე, სადაც ავთვისებიანი წარმონაქმნებია, ასევე ლეიკემიის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის. პროვიტამინები ეხმარება ორგანიზმს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში, სისხლჩაქცევებისას. ხურმა ასევე სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.
ხურმა ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, ის ასევე აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. ხურმის მოყვარულები, უმეტესად, ხანგრძლივად ცოცხლობენ.
თამარ ხონელიძე