როგორ შეიძლება აისახოს სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ვითარებაზე - კობახიძე

სააკაშვილის დაკავების შემდეგ საქართველოში ექს-პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით არაერთი აქცია ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თეორიული შეწყალება საქართველოში პოლარიზაციის შემდგომ გამწვავებას ნიშნავს, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეიწყალა, ახლა პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. გვარამიას თქმით, პრეზიდენტმა „უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს" და სააკაშვილი გაათავისუფლოს".
„მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ნიშნავს პოლარიზაციის დამატებით გაღვივებას. გვარამიას შეწყალების შედეგიც იყო პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება და სააკაშვილის თეორიული შეწყალებაც ამას ნიშნავს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალება არანაირად არ წაადგება ქვეყნის განვითარებას, თუმცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებების მიღებისას სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.
„ბუნებრივია, ეს არ წაადგება ქვეყნის განვითარებას, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს არა ამ, არამედ სხვა კრიტერიუმებით. მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. ამიტომ ლობირებდა ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ევროპულ დედაქალაქებში", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს რიგი უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი - 2008 წლის ომთან დაკავშირებული დანაშაული, ადამიანების წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის სისტემური რეკეტი.
„ასეთი ადამიანის დამსახურებულ შეწყალებაზე საუბარი ვერ იქნება", - აღნიშნა კობახიძემ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალება ფიზიკურად არ შეუძლია - ოპოზიციონერი>>
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.