„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია

გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. კლინიკა „ავერსიდან" გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.
„დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს“, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
გუშინ „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, საბადრაგო სამსახურს პატიმრები კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევაზე ჰყავდა მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.