ახია USAID-ზე: პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებში ფინანსურ ქაოსზე ისაუბრა

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) უნებართვოდ გამოიყენა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ლოგო, როგორც ორგანიზაციის სპონსორისა, რაც არასამთავრობო სექტორის დაფინანსების საკითხში ქაოსზე მიუთითებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, 20 ოქტომბერს GDI-იმ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნა ინფორმაცია თავისუფლების მხარდაჭერის ფონდის (FESF) შექმნის შესახებ. იქვე აღინიშნებოდა, რომ მათი დონორები ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) და USAID იყვნენ. თუმცა USAID-ის სახელი მალევე წაშალეს საიტიდან და სააგენტო ამ პროგრამის დონორად მეტად აღარ მოიხსენიება.
„ახია USAID-ზე. როგორც აღმოჩნდა, როგორც ისინი ამბობენ, მათი ლოგო დაუკითხავად რვა თვის განმავლობაში იყო გამოფენილი იყო [GDI-ის] ვებგვერდზე, თითქოს ისინი იყვნენ დამფინანსებლები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მათი ფინანსები არ იყო. სამწუხაროდ, ასეთი ქაოსი არის „ენჯეო“ სექტორში დაფინანსებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, GDI-მ, გარდა იმისა, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ გრანტი - 40 000 ევროც დამალა, რომელსაც ვებგვერდზე არ აჩვენებდნენ, ასევე დამალა ორგანიზაციის საბჭოს შემადგენლობაც. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კომიტეტში, რომელიც ფინანსური მხარდაჭერის საკითხს განიხილავს, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შედის.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრობლემა ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი დაფარულია, რაც გახდა კიდეც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონების მიღების წინააღმდეგ გამართული პროტესტის მიზეზი.
„იცოდნენ რა, რომ მათი ეს ფარული ფინანსური სქემები ნათელი გახდებოდა, ამიტომაც იყო მაშინ დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში 7-10 მარტს გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონების მიღების წინააღმდეგ ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკან გაიწვია.