ხანძარი ჩხოროწყუში - ოპერაციაში ჩართულია 150 მეხანძრე, დრონები და ორი ვერტმფრენი

რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლუგელას ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვლის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლუგელას ხეობაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 1 ნოემბერს გავრცელდა. თაიას მთაზე ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს წაეკიდა. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას თქმით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„ხანძრის ქრობის პროცესში 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.