ვაშაძე: ზურაბიშვილი კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტია

Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი არის კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი. პირდაპირ ვიტყვი, ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ახალი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გზით არჩევას კი არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს, რომ „ქოცებმა" უნდა აირჩიონ კიდევ ვიღაც სხვა. აბა პირდაპირი არჩევნები რომ იყოს, წავიდოდა იმპიჩმენტზე „ქართული ოცნება"? ", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ამიტომაც მის პარტიას აზრადაც არ მოსვლია ამ თემაზე ვაჭრობის დაწყება.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ ნაბიჯი უნდა გადადგას.
გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს>>>
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება მისი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.
„მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად გადასადგმელი აქვს ნაბიჯი. თუ მას მართლა უნდა, რომ გაემიჯნოს „ქართულ ოცნებას", ეს უნდა გააკეთოს. ზურაბიშვილთან მიმართებით ევროპული რეზოლუციები ამ მოწოდებებს შეიცავს", - განაცხადა ვაშაძემ.
სააკაშვილი თბილისში 2021 წლის 1 ოქტომბერს სასამართლოს საბრალდებო დასკვნის საფუძველზე დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ საქართველოში ექს-პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით არაერთი აქცია ჩატარდა. სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ზურაბიშვილს უკრაინის ხელისუფლებამ და ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმაც მიმართა.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება. მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.