საქართველოში რამდენიმე დღეში ახალი ციხე გაიხსნება

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9.750 პატიმარია.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც 700 ადამიანზეა გათვლილი, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში რამდენიმე დღეში გაიხსნება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები".
საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, 9.750 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 327 ქალია. პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,26% შეადგენს. დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.
„რამდენიმე დღეში ჩვენ გავხსნით ლაითურის ახალ პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე. ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე, უმაღლესი დონის სტანდარტს", - განაცხადა ბრეგაძემ.
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, მთავრობის აქტიური მხარდაჭერით რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო.
„ეს იქნება ე.წ. მცირე ტიპის დაწესებულება, რაც თანამედროვე მსოფლიოში პენიტენციური დაწესებულებების ერთ-ერთი ბოლო დონის მიღწევად ითვლება, იმიტომ, რომ ის უფრო ქმედითი, მარტივად სამართავია. ასევე აქ პატიმრების უფლებების დაცვაც უფრო მაღალ ხარისხში ხდება. 2024 წელს საქართველოში გვექნება ასეთი უნიკალური ტიპის პენიტენციური დაწესებულება", - განაცხადა ბრეგაძემ.
1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 ციხიდან ადგილები 83,5%-ით იყო შევსებული. პატიმრების საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდება პატიმრების 18,4%, დანარჩენებს უკვე მისჯილი აქვთ სხვადასხვა ვადა.
მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 21 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 59 პირი.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
ქართული ციხეების შესახებ - ახალი სტატისტიკა>>
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათგან ძირითადი ნაწილი -ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 180 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.