თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა, მათ შორის, თავისი თანამოაზრეების მხრიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“. ეს გამოიწვია მისმა შეურაცხმყოფელმა მიმართვამ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მიმართ.
ბერაიამ ხელისუფლების მუშაობის კრიტიკის საპასუხოდ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა – განაცხადა, რომ ქალი ასამბლეის სხდომებში მონაწილეობის ნაცვლად საყიდლებზე დადის და „ნაბახუსევზე“ გამოდის, ამასთან, მან ქალის ღირსების დამამცირებელი გამოთქმები გამოიყენა.
ამან მღელვარება გამოიწვია ჯერ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც ქალი დეპუტატის დასაცავად ოპოზიციონერი დეპუტატები ფეხზე წამოდგნენ და საქმე ლამის ჩხუბამდე მივიდა. მოგვიანებით ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ტრიბუნიდან საჯაროდ ბოდიშის მოხდა და თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.
პირველად ბოდიში ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოიხადა.
„ერთ შენიშვნას პირადად ჩემ თავზეც ვიღებ... მე მაქვს ხოლმე რეაქცია და მექნება კიდეც, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფაა. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი მივიღებ, თუკი იქნება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი, დროულად შევაწყვეტინო ხოლმე გამოსვლა ადამიანს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თავი აზრი გამოთქვა ასევე მმართველი პარტიის დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
„დღეს პოლიტიკურ განცხადებებში ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა“, – დაწერა სოციალურ ქსელსი ნინო წილოსანმა.
მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თანაპარტიელის განცხადებას სექსისტური განცხადება უწოდა, რომელიც პროვოკაციებს მოჰყვა.
„ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, მაგრამ ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ეთიკის რაღაც ნორმები ირღვევა და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე. ეს უნდა ვაღიაროთ კიდეც“, – განაცხადა მდინარაძემ.
მოგვიანებით ბერაიამ მაინც მოიხადა ბოდიში.
„როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ისახავდა მიზნად. მეორე ნაწილში გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო გადაჭარბებული თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო“, – განაცხადა ბერაიამ.
თუმცა, ბოდიშებმა პრობლემა ვერ გადაჭრა და მოგვიანებით მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თანაპარტიელის განცხადება მკაცრად დაგმო.
„ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. რაღაც ჩარჩოები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები აგრესიით გამოირჩევიან და ზღვარს გადადიან, ასეთ მაგალითს არ უნდა მივბაძოთ.
თბილისის მერმა პირადად მოუხადა ბოდიში ყველას, ვისაც მან შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენა.
„მეც თუ მაქვს რამე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს არ ვატკინოთ გული და ასეთი შეურაცხყოფები არ მივაყენოთ“, – განაცხადა კალაძემ.
ქალი დეპუტატების დასაცავად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა.
„ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის. მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა კი ბერაიას განცხადებაში ქვეყანაში ქალების დისკრიმინაციის წახალისების საშიშროება დაინახა.
„როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ბერაიას ბოდიში არ მიიღო და მის გადადგომას მოითხოვს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან.